ჯასტინ დრიუ ბიბერი(Justin Drew Bieber)- (დ. 1 მარტი, 1994, ლონდონი, ონტარიო, კანადა) — კანადელი პოპ/რ’ნ’ბ მომღერალი. მისი კარიერა დაიწყო Youtube–ით, როდესაც 2007 წლიდან მან დაიწყო საკუთარი ვიდეოების Youtube-ზე გამოქვეყნება. ის მოგვიანებით აღმოაჩინა სკუტერ ბრაუნმა, რომელმაც რჩევა ჰკითხა აშერს, სანამ ბიბერმა ხელი მოაწერა „Island Records"-თან. საგულისხმოა, რომ ბიბერმა თავისით ისწავლა დაკვრა პიანინოზე, დოლზე, გიტარაზე და საყვირზე.
ბიოგრაფია
ჯასტინ ბიბერი 1994 წლის 1 მარტს სტრეტფორდში, კანადის პროვინცია ონტარიოში დაიბადა. მუსიკალური მონაცემები ჯასტინს მშობლებისგან გამოჰყვა: მამა, ჯერემი ბიბერი, გიტარაზე დაკვრით იყო გატაცებული, ხოლო დედა, პეტი მალეტე იმედისმომცემ ვოკალისტად ითვლებოდა. რთული დასაჯერებელია, რომ სიმღერით ჯასტინი სულ რამდენიმე წელია რაც დაინტერესდა, მით უმეტეს, რომ 2 წლის ასაკიდან იგი ინტერესს ავლენდა სხვადასხვა მუსიკალური ინსტრუმენტის, განსაკუთრებით კი – დასარტყამი ინსტრუმენტების მიმართ. ბავშვობაში იგი მუსიკის გაკვეთილებზეც დადიოდა და ამჟამად მას პროფესიონალურ დონეზე შეუძლია დაკვრა დასარტყამ, სიმებიან და კლავიშებიან ინსტრუმენტებზე. ამ დროს ახალი გახსნილი იყო მუსიკალური პორტალი „Youtube", სადაც სხვადასხვა კატეგორიის ვიდეოფაილების განთავსება იყო შესაძლებელი. სწორედ ამ საიტზე განათავსა ჯასტინის დედამ სახლში გადაღებული რამდენიმე სამოყვარულო მუსიკალური რგოლი. ამ რგოლებს ძალიან მალე გაუჩნდა თაყვანისმცემელთა მთელი არმია, რომლებიც ჯერ კიდევ 2007 წელს ამტკიცებდნენ, რომ ჯასტინ ბიბერი მსოფლიო დონის ვარსკვლავი გახდებოდა.
სწორედ „Youtube-დან" დაინტერესდა მენეჯერი სკუტერ ბრაუნი ჯასტინით და ინტერნეტის საშუალებით ბიბერების ოჯახს დაუკავშირდა და თანამშრომლობა შესთავაზა. იმავე წელს ჯასტინი ბრაუნთან ერთად ატლანტაში გაემგზავრა, სადაც ცნობილი რეპერი და პროდიუსერი აშერი გაიცნო. მიუხედავად იმისა, რომ ჯასტინი აშერთან შეხვედრის დროს 13 წლის იყო, ვარსკვლავმა ირწმუნა მისი ნიჭი და აღფრთოვანებული დარჩა მისი ვოკალური შესაძლებლობებით. აშერთან ერთად ჯასტინი „Island Records-ში" მივიდა, სადაც მას მოუსმინეს და 2008 წელს პირველი ოფიციალური კონტრაქტი გაუფორმეს. საინტერესოა, რომ კონტრაქტის მიხედვით, ჯასტინს თვითონ უნდა გადაეწყვიტა, ვისთან სურდა თანამშრომლობა, – აშერთან თუ ჯასტინ ტიმბერლეიკთან. საბოლოოდ ჯასტინმა აშერთან თანამშრომლობა არჩია და როგორც მუსიკალური ექსპერტები წერენ, მან სწორი არჩევანი გააკეთა. იმავე წელს ჯასტინ ბიბერი აშშ–ის ყველაზე იმედისმომცემ პოპ-შემსრულებლად დაასახელეს, ხოლო მსოფლიოში მას „Teen Singing Sensation"-ს ანუ „თინეიჯერ მომღერალ სენსაციას" უწოდებდნენ.
2009 წელს ჯასტინ ბიბერმა პირველი სინგლი – „One Time" გამოუშვა, რაც უმალვე გახდა მსოფლიო დონის ჰიტი. რამდენიმე ხანში მან გამოუშვა პირველი ალბომი სახელწოდებით „My World". ალბომმა მალე მოიპოვა პოპულარობა თინეიჯერებს შორის, ხოლო კლიპებმა სიმღერებზე „One Time" და „One Less Lonelygirl", „ემტივის" ჰიტ-აღლუმები დაიპყრეს.
2010 წლის მარტში გამოვიდა ჯასტინ ბიბერის პირველი ალბომის სრული ვერსია – „My World 2.0". ალბომის გამოსვლას წინ უძღოდა სინგლისა და კლიპის – „Baby-ს" გამოსვლა, რომელმაც, შეიძლება ითქვას, ააფეთქა მუსიკალური ჰიტ-აღლუმები. კლიპი იმდენად პოპულარული გახდა, რომ მარტო „Youtube-ზე" ის 250 მილიონმა ადამიანმა ნახა, რითაც საიტის რეკორდი დაამყარა და წინა რეკორდის მფლობელი – ლედი გაგა მნიშვნელოვნად ჩამოიტოვა. აღსანიშნავია, რომ ჯასტინ ბიბერი გახდა პირველი პოპ-შემსრულებელი, რომლის ერთდროულად შვიდი სიმღერა ამერიკის ყველაზე პრესტიჟულ ჩარტში – „ბილბორდ ტოპ 100-ში" მოხვდა.
გარდა ამისა, თავისუფალ დროს ჯასტინს უყვარს ფეხბურთის, გოლფის, ჰოკეის თამაში, სკეიტბორდით სრიალი და თაყვანისმცემლებთან ურთიერთობა „Facebook-სა" და „Twitter-ის" დახმარებით.
გარდა მუსიკისა, ჯასტინ ბიბერის სახელი კოსმეტიკურ საშუალებებსა და სუნამოებსაც უკავშირდება. კერძოდ, 2011 წლის მარტში გასაყიდად გამოვა ქალებისთვის განკუთვნილი სუნამო, რომლის შექმნაში ჯასტინსაც აქვს მონაწილეობა მიღებული, ხოლო იმავე წლის ზაფხულში გაიყიდება ფრჩხილების ლაკი, რომელიც ჯასტინის კომპოზიციების სახელს ატარებს.
გამოვიდა ფილმი ჯასტინის მონაწილეობით ჯასტინ ბიბერი: არასოდეს თქვა არასოდეს. იგი ასახავს მომღერლისს ცხოვრებას, მოღვაწეობას, ჰობის. ასევე ფილმში მაყურებელი იხილავს მისი კონცერტების ნაწყვეტებს.