კოლუმბიელი ედუარდ ნინო ერნანდესი რეკორდების წიგნში მსოფლიოში ყველაზე დაბალი ადამიანის ტიტულით შევიდა...
იგი 24 წლისა, 70 სმ-ის სიმაღლის და სულ რაღაც 10 კილოგრამს იწონის, - იუწყება ტელეკომპანია BBC.
ერნანდესის დედის განცხადებით, ბიჭი სიმაღლეში 2 წლის შემდეგ აღარ გაზრდილა და დღემდე მხოლოდ 40 სანტიმეტრი მოიმატა.
რაც შეეხება თავად ედუარდს, იგი თავისი აღნაგობით სავსებით კმაყოფილია:
”ბედნიერი ვარ, რადგან ვარ უნიკალური”, - ამბობს იგი.
ედუარდი არსებობისათვის საჭირო სახსრებს ცეკვების შესრულებითა და კინოში თამაშით შოულობს.
ადრე გინესის რეკორდების წიგნში მსოფლიოში ყველაზე პატარა ადამიანის სტატუსით ჩინელი ხე პინპინა იყო შეყვანილი, რომელიც გასული წლის მარტში გარდაიცვალა.
თუმცა ახლა გაირკვა, რომ პინპინი ერნანდესზე მთელი 4 სანტიმეტრით მაღალი იყო.
ერნანდესს მსოფლიოში ყველაზე დაბალი სრულწლოვანი ადამიანის ტიტულის ტარება დიდხანს არ მოუწევს, რადგან ოქტომბერში ნეპალელი ჰაგენდრა ტაპა მაგარი, რომლის სიმაღლეც 56 სმ-ია, 18 წლის იუბილეს აღნიშნავს.